„საბურთალომ“ „ვალენსიასთან“ თანამშრომლობა დააანონსა - ესპანელები ევროტურნირზე თბილისელებს ფეხბურთელებით დაეხმარებიან #1TVSPORT
„საბურთალო“ „ვალენსიასთან“ ითანამშრომლებს. ამის შესახებ „საბურთალოს“ აკადემიაში გამართულ პრესკონფერენციაზე კლუბის პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა ისაუბრა.
თბილისური საფეხბურთო კლუბი ევროპაში სოლიდურ პარტნიორს შეიძენს. წინასწარი შეთანხმებით, ესპანური საფეხბურთო კლუბი „საბურთალოს“ მომავალი თაობების გაზრდაში დაეხმარება და საფეხბურთო აკადემიის მუშაობას მონიტორინგს ჩაუტარებს.
გარდა ამისა, ესპანური კლუბი ევროთასებზე სარეზერვო გუნდის მოთამაშეებს კონფერენს ლიგაზე გასულ საქართველოს თასის მფლობელ „საბურთალოში“ რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს გამოუშვებს.
„საბურთალოს“ პრეზიდენტის თქმით, იანვარში კლუბის მთავარ მწვრთნელთან, ლევან კორღალიძესთან ერთად ესპანეთში გაემგზავრება და ზაფხულში კონფერენს ლიგისთვის ცნობილი ესპანური კლუბიდან რამდენიმე მოთამაშეს დაიმატებს:
„ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც „კოკა კოლას“ თასზე „ვალენსია“ გვესტუმრა და აკადემიის დონეზე თანამშრომლობაზე შევთანხმდით, ხოლო იანვარში მიგვიწვიეს და „ვალენსიას“ და „საბურთალოს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდება. პირველი შედეგი იქნება ის, რომ ესპანელი სპეციალისტები „საბურთალოში“ ჩამოვლენ, შეაფასებენ საერთო სურათს და გუნდის განვითარების გეგმის შედგენაში დაგვეხმარებიან. ასევე, ისინი მონიტორინგს გაუწევენ „საბურთალოს“ მუშაობას. ამ თანამშრომლობის ფორმატით, საშუალება გვექნება, რომ კონფერენს ლიგისთვის „საბურთალო“ „ვალენსიას“ მოთამაშეებით გაძლიერდეს. ჩვენ ლევან კორღალიძესთან ერთად ვგეგმავთ ესპანეთში გამგზავრებას, სადაც ჩვენი მთავარი მწვრთნელი ფეხბურთელებს ადგილზე ნახავს.
– ეს იქნება ერთგვარი ფანჯარა ევროპაში და შემოვლითი გზით მოთამაშეების ჩამოყვანა აღარ დაგვჭირდება. საერთოდ, ლეგიონერები ჩვენს იმედებს ვერ ამართლებენ – ან ტრავმის შემდეგ მოდიან, ან მოტივაციადაკარგულები და კარიერის პიკი რომ უკან აქვთ მოტოვებული. ასეთ პირობებში კი, „საბურთალოში“ ლეგიონერს ექნება სტიმული, რომ კარგად თამაშის შემთხვევაში ცნობილ კლუბში მოხვდეს. გარდა ამისა, მოთამაშის მოყვანით სააგენტოები თავად დაინტერესდებიან, რადგან ასეთი „ფანჯარა“ ყველასთვის საინტერესო იქნება.
– ეს გააძლიერებს „საბურთალოს“. „ვალენსია“ მზად არის, 23-წლამდელების გუნდიდან ოთხი მოთამაშე გამოუშვას და კონფერენს ლიგაზე დაგვახმაროს, მაგრამ ვის და რომელ პოზიციაზე, ეს ლევან კორღალიძის არჩევანზე იქნება დამოკიდებული. სამომავლოდ კი ლა ლიგის ბიზნეს-სკოლასთან თანაშრომლობასაც ვაპირებთ“.