„საბურთალომ“ „ტორპედოც“ დაამარცხა - თეთრაძის გუნდი მესამე ადგილზე დაწინაურდა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში მეორე წრე ევროსაგზურისთვის მებრძოლი კონკურენტების მატჩით დაიწყო – ქუთაისის „ტორპედომ“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა.
„ტორპედო“ – „საბურთალო“ 0:3
გოლები: 0:1 გ. მამაგეიშვილი (26. ო. მამაგეიშვილის პასით), 0:2 ტაბატაძე (39 – პენალტი), 0:3 ო. მამაგეიშვილი (57. შეიკნე სილას პასით),
გამოუყენებელი პენალტი: არაბიძე (50)
„საბურთალო“ ბოლოდროინდელ წარმატებულ სერიას აგრძელებს. „თელავის“ (3:0) და „დინამო თბილისთან“ (3:1) გამარჯვების შემდეგ ომარ თეთრაძის გუნდმა „ტორპედოსთანაც“ გამართული ფეხბურთი აჩვენა და ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი დამაჯერებლად დაამარცხა.
თბილისელებმა პირველივე ტაიმში კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს. ანგარიში ოთო მამაგეიშვილის გადაცემით მისმა ტყუპისცალმა, გიზომ გახსნა 0:1. სტუმრებმა სხვაობა იური ტაბატაძის მიერ შესრულებული პენალტით გაზარდეს და ტაიმი 2:0 მოიგეს.
მეორე ნახევრის დასაწყისში ქუთაისელებს სხვაობის შემცირება პენალტით შეეძლოთ, მაგრამ „საბურთალოს“ მეკარემ, ლაზარე კუპატაძემ გიორგი არაბიძის დარტყმა მოიგერია და გუნდი გადაარჩინა. მალე კი სტუმრების შეტევა ისევ მამაგეიშვილებმა განავითარეს – გიზოს ჩაწოდებული ბურთი შეიკნე სილამ ოთო მამაგეიშვილს დაუგორა, რომელმაც ახლოდან ზუსტად დაარტყა – 0:3.
„საბურთალომ“ ბოლო სამ შეხვედრაში ცხრა გოლი გაიტანა და ათი ტურის შემდეგ 18 ქულა დააგროვა. ომარ თეთრაძის გუნდმა გადაასწრო ქუთაისის „ტორპედოს“ (16) და მესამე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო ბათუმის „დინამოსთან“ (21) და „დინამო თბილისთან“ (20) ჩამორჩენა შეამცირა.