ეროვნული ლიგაში მე-3 ტურის პირველი სათამაშო დღე „მიხეილ მესხი – არენაზე“ გამართული შეხვედრით დასრულდა – „საბურთალომ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა.
მასპინძლებმა პირველ ტაიმში სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს – 37-ე წუთზე ანგარიში იური ტაბატაძემ გახსნა, ხოლო 42-ე წუთზე მისი დარტყმული ბურთი „ტორპედოს“ მეკარე როინ კვასხვაძემ ცუდად მოიგერია და კარის წინ დარჩენილმა ირაკლი სიხარულიძემ ამ შეცდომით ისარგებლა – 2:0.
მეორე ტაიმში ქუთაისელებმა თამაშის გამოსწორებაც ვერ მოახერხეს, არა თუ ქულების გადარჩენა. რეალური საგოლე მომენტი ისევ „საბურთალოს“ ჰქონდა, მაგრამ გიორგი გოჩოლეიშვილმა შანსით ვერ ისარგებლა.
სამი ტურის შემდეგ „საბურთალომ“ 6 ქულა დააგროვა და ლიდერთა ჯგუფის გუნდებს (ბათუმის „დინამო“, გორის „დილა“, „თელავი“) გაუთანაბრდა. ქუთაისის „ტორპედო“ კი სამი ქულით დარჩა.