თბილისის „საბურთალომ“ სანაკრებო პაუზით ისარგებლა, საკონტროლო მატჩი ჩაატარა და დამაჯერებლად მოიგო.
ხვიჩა შუბითიძის გუნდს ამხანაგურ მატჩში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში გამოძახებული „საბურთალოს“ 4 ფეხბურთელი დააკლდა – თორნიკე მეგრელიშვილი, გიორგი ჯინჯოლავა, გიორგი გოჩოლეიშვილი და შოთიკო ნონიკაშვილი.
„საბურთალო“ ეროვნული ლიგა 2-ის თბილისის „მერანს“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 5:1. საბურთალოელებიდან გოლები გიორგი გულიაშვილის, გიორგი ჯგერენაიას, იური ტაბატაძის, რაფიკ ამინუს და გიორგი ლაცაბიძის ანგარიშზეა, ხოლო „მერანიდან“ პრესტიჟის გოლი რეზო გეწაძემ გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ „საბურთალოს“ მთავარ გუნდში სადებიუტო მატჩი ჩაატარა მეკარემ ვაჟა აბჟანდაძემ, რომელიც 2004 წელსაა დაბადებული და თბილისური გუნდის აკადემიის აღზრდილია.
ეროვნულ ლიგაში თამაშები 9 ივნისს განახლდება – მე-16 ტურის შეხვედრაში „საბურთალო“ გორის „დილას“ მიიღებს – მატჩი 19:45 საათზე „მიხეილ მესხი – არენაზე“ დაიწყება.