საბურთალომ სლოვაკური გუნდის მცველი დაიმატა – პირველი არხის ინფორმაციით, 2018 წლის საქართველოს ჩემპიონი გიორგი თევზაძეს შეუთანხმდა და მასთან კონტრაქტი გააფორმა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 22 წლის მცველი ბოლოს სლოვაკური „ჟილინაში“ თამაშობდა, სადაც 2018 წლის ივნისში თბილისის „დინამოდან” გადავიდა. გიორგი სამტრედიელია, მაგრამ ჯერ ზუგდიდის „ბაიაში“ თამაშობდა, შემდეგ კი „საბურთალოში“ გადავიდა – საფეხბურთო სამყარომ თევზაძე სწორედ ამ კლუბიდან გაიცნო.
ინფორმაცია თევზაძის ტრანსფერზე პირველ არხს კლუბში დაუდასტურეს, ფეხბურთელს კი კომენტარი ჩამოვართვით.
„სლოვაკეთში ვარჯიშებსა ძალიან კარგად გამოვიყურებოდი. შეკრებაზეც ჩემ პოზიციაზე საუკეთესო ვიყავი. მეგონა, რომ ძირითადში მოხვედრა არ გამიჭირდებოდა. მაგრამ 6 თვის განმავლობაში ერთი შანსი ვერ მივიღე და დარჩენას აზრი არ ჰქონდა. არ მათამაშებდა და მერჩივნა აქ წამოსვლა, სადაც მენდობიან და ვითამაშებ. უთამაშებლობის ზუსტი მიზეზი მაინც არ ვიცი. რომ ვკითხულობდი, რა არ მოგწონთ-მეთქი, ვერაფერს მეუბნებოდნენ“, – ამბობს თევზაძე.
22 წლის მარცხენა მცველი თავის ახალ კლუბზეც გველაპარაკა, რომელიც მისთვის ძალიან ახლობელია: „საბურთალო“ კი ის კლუბია, სადაც გავიზარდე, ჩემი ოჯახივითააა და მიხარია, რომ მწვრთნელმა და ხელმძღვანელობამ ნდობა გამომიცხადა“.
გიორგი თევზაძე იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი. „საბურთალოში“ კი 2013-2014 წლებში თამაშობდა.