„საბურთალომ“ სამი ლეგიონერი დაიმატა - ერთი კიევში გაზრდილი მოლდოვის ნაკრების წევრია
„საბურთალო“ ახალი სეზონისთვის ემზადება და სამი ლეგიონერი დაიმატა. ორი მათგანი მოლდოველია, ერთიც – ნიგერიიდან.
კლუბში 23 წლის დმიტრი მანდრიჩენკო ითამაშებს. მოლდოველი ცენტრალური ნახევარმცველი გუნდს უკვე შეუერთდა და ახალი სეზონისთვის ემზადება. დმიტრი ბოლოს მოლდოვის უმაღლესი ლიგის მესამეადგილოსან „სფინტულ გეორგიში“ ასპარეზობდა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 24 მატჩში გატანილი 6 გოლია.
„საბურთალოში“ ითამაშებს მოლდოვის ნაკრების ცენტრალური მცველი ვიქტორ მუდრაკი. ახალწვეულმა დედაქალაქურ კლუბში უკვე ივარჯიშა. 26 წლის ფეხბურთელი ბოლოს ბელარუსის პრემიერლიგის კლუბ მინსკის „სლავია-მოზირში“ თამაშობდა. ის კიევის „დინამოს“ აღზრდილია და უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო, საბოლოოდ კი მოლდოვის ნაკრებში თამაში ამჯობინა.
„საბურთალოსთან“ ერთად 18 წლის ნიგერიელი ოგაგა ოდუკოც ვარჯიშობს, თუმცა მისი მომავალი უახლოეს დღეებში გაირკვევა. ამპლუით მარცხენა მცველს ნიგერიის 17-წლამდე ნაკრებში უთამაშია.