„საბურთალომ" საბერძნეთიდან მცველი დაიმატა, ესპანეთიდან - ნახევარმცველი
საზაფხულო სატრანსფერო „ფანჯრის” პირველი შეთანხმებები „საბურთალომ” განახორციელა. საქართველოს პირველ არხთან საუბარში კლუბის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა, რომ ორი მოთამაშე დაიმატეს.
„ორი ფეხბურთელი დავიმატეთ, რომლებიც ადრეც „საბურთალოში” თამაშობდნენ და მათ გულშემატკივარი კარგად იცნობს. პირველი საბერძნეთის „ლევადიაკოსში” ზამთარში გადასული გიორგი რეხვიაშილია, რომლის გუნდიც ლიგიდან გავარდა და წამოსვლა გადაწყვიტა, მეორე კი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილია, რომელიც ჩვენი გაზრდილია და ორი წელი იჯარით ლა ლიგის „ჟირონაში” თამაშობდა”, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ტარიელ ხეჩიკაშვილი.
გიორგი რეხვიაშვილი 31 წლისაა. „საბურთალოში” 2018 წელს ჩაირიცხა და გუნდის ჩემპიონობაში დიდი როლი ითამაშა. 19 წლის ქოჩორაშვილი კი „ჟირონაში” 2017 წლის ზაფხულში გადავიდა, მთავარ გუნდში ვარჯიშობდა და 19-წლამდელებში თამაშობდა. საინტერესოა, რომ გიორგიმ შარშან, 4 აგვისტოს „ჟირონას” მთავარი გუნდის ფორმით „ტოტენჰემთან” ითამაშა, რომელიც ესპანელებმა ანგარიშით 4:1 მოიგეს.