„საბურთალომ“ ოფიციალურად დაადასტურა - გოჩოლეიშვილმა დონეცკის „შახტართან“ კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
„საბურთალომ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის ერთ-ერთმა ყველაზე პერსპექტიულმა მოთამაშემ, გიორგი გოჩოლეიშვილმა დონეცკის „შახტართან“ კონტრაქტი გააფორმა და გუნდს იანვრის შეკრებაზე შეუერთდება.
„საბურთალოს” აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი გიორგი გოჩოლეიშვილი უკრაინის ერთ-ერთ ტიტულოვან და ისტორიულ კლუბში, დონეცკის „შახტარში“ ითამაშებს. მხარეებს შორის მოლაპარაკება, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, წარმატებით დასრულდა. ახალ კლუბში ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმებაც გაიარა. გოჩოლეიშვილი „შახტარს“ იანვრის პირველ რიცხვებში შეუერთდება.
„ჩვენი კლუბი მადლობას უხდის გიორგი გოჩოლეიშვილს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს კარიერის ახალ ეტაპზე. იგი ყოველთვის დარჩება „საბურთალოს“ დიდი ოჯახის წევრად“, – წერია „საბურთალოს“ განცხადებაში.
გიორგი გოჩოლეიშვილი „საბურთალოს“ ხელმძღვანელებმა 2010 წელს ქუთაისში შეამჩნიეს, რის შემდეგაც გუნდის აკადემიაში ჩაირიცხა. ფეხბურთელმა ყველა ასაკობრივ გუნდში ითამაშა და პროგრესს განაგრძობდა. ჯერ დუბლშემადგენლობაში ითამაშა, შემდეგ პირველ გუნდშიც. პარალელურად, გოჩოლეიშვილი გახლდათ ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრიც. ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში გოჩოლეიშვილმა არაერთი კარგი მატჩი ჩაატარა. 17 ნოემბერს კი ფეხბურთელის კარიერაში ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა — მაროკოსთან ამხანაგური შეხვედრისთვის ვილი სანიოლმა გიორგი გოჩოლეიშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველად მიიწვია და სადებიუტო მატჩი ჩაატარა.
გიორგი გოჩოლეიშვილით ესპანური ლა ლიგის „ვალენსიაც“ იყო დაინტერესებული და ბუნდესლიგის ფრანკფურტის „აინტრახტიც“, მაგრამ „შახტარის“ შეთავაზება რეალური და კონკრეტული აღმოჩნდა. უკრაინული წყაროების ცნობით, დონეცკის გუნდმა „საბურთალოს“ მილიონ ევრომდე გადაუხადა, კონტრაქტი კი 5 წლის ვადით გაფორმდება და 2027 წლამდე იმოქმედებს.