„დინამო თბილისის“ ყოფილი მცველი ნოდარ იაშვილი კარიერას „საბურთალოში“ განაგრძობს – ინფორმაცია საქართველოს თასის მფლობელმა კლუბმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა.
„მომავალი სეზონიდან საბურთალოელთა რიგებს ნოდარ იაშვილი დაიცავს, რომელიც ბოლოს თანაქალაქელ „დინამოში“ თამაშობდა. იაშვილი რამდენიმე წლის განმავლობაში სწორედ „საბურთალოს“ ღირსებას იცავდა“, – წერია კლუბის პრესსამსახურის ცნობაში.
ნოდარ იაშვილი უკვე მეორე მოთამაშეა, რომელიც „საბურთალოში“ დაბრუნდა. მანამდე კლუბთან კონტრაქტი ბათუმის „დინამოდან“ წასულმა ლაშა შინდაგორიძემ გააფორმა.
ასევე არის ინფორმაცია, რომ შესაძლოა, „საბურთალოში“ საყრდენი ნახევარმცველი ბაქარ ქარდავა გადავიდეს. 27 წლის ქარდავამ კარიერა „სასკოში“ დაიწყო, თამაშობდა „გაგრაში“ და „ცხინვალში“, ხოლო 2017 წლიდან „დინამო თბილისში“ გადავიდა.