„საბურთალომ“ ნიგერიელი მცველი დაიმატა - პასტორის შვილი, რომელსაც აფრიკის თასის ნახევარფინალში უთამაშია
18 წლის ნიგერიელი ფეხბურთელი ოგაგა დავიდ ოდუკო „საბურთალოში“ ითამაშებს, – ინფორმაციას თბილისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
ოდუკო „საბურთალოში“ გასინჯვაზე იანვარში მიიწვიეს და თბილისის შეკრებიდან მოყოლებული, გუნდთან ერთად ემზადებოდა. მისი და „საბურთალოს“ თანამშრომლობის საკითხი ამ შეკრებებზე უნდა გადაწყვეტილიყო.
ნიგერიელმა მცველმა ამხანაგური მატჩები თბილისშიც ჩაატარა, თურქულ შეკრებაზეც და საბოლოოდ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალძემ მისი დატოვება გადაწყვიტა.
ოგაგა დავიდ ოდუკო 18 წლისაა. ამპლუით მარცხენა მცველი 2019 წელს ნიგერიის 17-წლამდე ნაკრებში მიიწვიეს, სადაც ხუთი მატჩი ჩაატარა. მან აფრიკის ერთა თასის ასაკობრივ ტურნირზე ითამაშა, სადაც ნიგერიელი 17-წლამდელები ნახევარფინალში გავიდნენ და გვინეასთან დამარცხდნენ.
ოდუკოს ბრაზილიაში გასამართ 17-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე უნდა ეთამაშა, მაგრამ საბოლოო სიიდან ამოიღეს. „საბურთალოს“ ახალწვეულის მამა, ესე ოდუკო ვეტერანი ფეხბურთელია, რომელიც ჯერ საფეხბურთო აგენტი იყო, მერე პასტორი გახდა. ის თავად გაჭირვებაში იზრდებოდა და ცხოვრების მიზნად დაისახა, გაჭირვებული ბავშვებისთვის საფეხბურთო ტალანტების აკადემიის დაარსება და ეს მოახერხა კიდეც – დააფუძნა Fresh Talents აკადემია.
„საბურთალომ“ კი თურქეთში დასკვნითი შეკრება დაასრულა და დღეს, 17 თებერვალს გუნდი საქართველოში გამოემგზავრება.