კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ლიდერი ისევ შეიცვალა – „საბურთალომ“ მეთერთმეტე ტურის დასკვნითი შეხვედრა მოიგო და პირველი ადგილი დაიბრუნა.
თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს თბილისური კლუბები დაუპირისპირდნენ: მოქმედმა ჩემპიონმა, „საბურთალომ“ „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
მთავარი ამბები მეორე ტაიმში მოხდა: 66-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა „ლოკომოტივის“ მცველს, სანდრო გურეშიძეს მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა. „საბურთალომ“ რიცხობრივი უპირატესობით 12 წუთში ისარგებლა: შეტევა შესვენების შემდეგ შეცვლაზე შესულმა სამმა ფეხბურთელმა განავითარა. თორნიკე გორგიაშვილისა და გიორგი კოხრეიძის წამოწყებული კომბინაცია თავური დარტყმით ლაშა შინდაგორიძემ დააგვირგვინა და საბოლოოდ, მოქმედმა ჩემპიონმა „საბურთალომ“ 1:0 მოიგო.
11 ტურის შემდეგ „ლოკომოტივი“ ცხრა ქულით ისევ ბოლოსწინა, მეცხრე ადგილზეა. „საბურთალომ“ კი 24 ქულა დააგროვა, ბოლო ტურში დამარცხებულ ბათუმის „დინამოს“ (22 ქულა) ისევ გადაასწრო და ლიდერობა დაიბრუნა.