„საბურთალომ“ მიქაძის დანიშვნა დაადასტურა - ახალმა მწვრთნელმა პირველი ვარჯიში ჩაატარა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის „საბურთალოს“ გიორგი მიქაძე გაწვრთნის – ინფორმაცია თბილისური კლუბის პრესსამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა.
„საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – გუნდს გიორგი მიქაძე უხელმძღვანელებს. მიქაძემ გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ თელაველთა ყოფილი მწვრთნელისთვის „საბურთალო“ კარგად ნაცნობი კლუბია, ვინაიდან წარსულში ჩვენს ასაკობრივ გუნდებში უმუშავია“, – წერია „საბურთალოს“ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, „საბურთალო“ ომარ თეთრაძემ დატოვა, რომელმაც თბილისური კლუბი წლის დასაწყისში ჩაიბარა და ერთი ხანობა მეორე ადგილზეც დააწინაურა, მაგრამ მესამე წრეში „საბურთალო“ არადამაჯერებლად გამოიყურებოდა და თეთრაძემ პოსტი დატოვა.
გიორგი მიქაძე ბოლოს „თელავს“ ავარჯიშებდა. გუნდმა მისი ხელმძღვანელობით 16 მატჩიდან 7 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 6 წააგო, სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე დაწინაურდა და გასავარდნ ზონას დაშორდა.
41 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით „საბურთალო“ პირველ შეხვედრას 29-ე ტურში ჩაატარებს – დედაქალაქელები კვირას, 8 ოქტომბერს „მიხეილ მესხი 2“-ზე გათამაშების ლიდერს, ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებენ.