„საბურთალომ“ მეორე წრე დაუმარცხებლად დაასრულა - თეთრაძის გუნდმა „დინამოს“ მეორედ მოუგო და ისევ გალიდერდა #1TVSPORT
„საბურთალომ“ თბილისური დაპირისპირებაში „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში მეტოქე მიმდინარე სეზონში მეორედ 2:1 დაამარცხა.
საქართველოს ჩემპიონატში მეორე წრის ბოლო ტურის შეხვედრა დაძაბული გამოდგა. პირველი ტაიმში მეტოქეებმა საგოლე მომენტები შექმნეს, მაგრამ კარის აღება ვერ მოახერხეს და შესვენებამდე 0:0 დაფიქსირდა.
რუსთავის საფეხბურთო ცენტრში გამართულ მატჩში ანგარიში 70-ე წუთზე გაიხსნა. „დინამოს“ მეკარემ, დავით კერესელიძემ საჯარიმოში იური ტაბატაძე მოცელა და დაინიშნა პენალტი, რომელიც თავად „საბურთალოს“ კაპიტანმა უნაკლოდ გამოიყენა და გუნდი დააწინაურა. ტაბატაძემ მიმდინარე სეზონში შვიდი გოლი გაიტანა, აქედან ექვსი – პენალტით, რაც ბოლო წლების რეკორდია.
81-ე წუთზე „დინამოს“ გატანის შანსი ჰქონდა, მაგრამ „საბურთალოს“ გამოცდილმა მეკარემ, ლაზარე კუპატაძემ გიორგი მოისწრაფიშვილის დარტყმაზე შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა და გუნდი აშკარა გოლისგან გადაარჩინა. 88-ე წუთზე „დინამოს“ კარში მეორე პენალტიც დაინიშნა, რომელიც შოთა ნონიკაშვილმა უნაკლოდ შეასრულა. 90+1-ე წუთზე „დინამოელმა“ გიორგი მაისურაძემ სხვაობა შეამცირა, მაგრამ სტუმრებმა თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.
„საბურთალომ“ მიმდინარე სეზონში „დინამო თბილისი“ მეორედ დაამარცხა, მე-18 ტურის შემდეგ 38 ქულა დააგროვა, დამატებითი მაჩვენებლებით ბათუმის „დინამოს“ (38) გადაასწრო (რომელსაც ტურის თამაში ჩასატარებელი აქვს) და სატურნირო ცხრილში გალიდერდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 11 შეხვედრიდან ომარ თეთრაძის გუნდმა ცხრა მოიგო და ორი ფრედ დაასრულა. „დინამო თბილისი“ (31) კი მისთვის შეუფერებელ მეხუთე ადგილზე დაქვეითდა.