„საბურთალომ“ ხუთი მოთამაშე დაიმატა
„საბურთალომ“ ხუთი მოთამაშე დაიმატა

საფეხბურთო კლუბმა „საბურთალომ“ მორიგი ტრანსფერები განახორციელა. კლუბმა სამი საკუთარი აღზრდილი დაიბრუნა, ორი მოთამაშეც – ლეგიონერია.

„თელავიდან“ ლევან კორღალიძემ მეკარე ოთო გოშაძე მიიწვია, ხოლო „რუსთავიდან“ – ნახევარმცველი ბექა გვარაძე. ორივე 23 წლისაა და ორივე „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია. გოშაძემ გუნდი 2018 წელს დატოვა და ჯერ „დინამო თბილისში“ ჩაირიცხა, შემდეგ ბათუმის „დინამოში“, ბოლნისის „სიონში“ და 2020 წელი „თელავში“ გაატარა. გვარაძე 2019 წელს ბოლნისის „სიონში“ გადავიდა, ხოლო „რუსთავში“2020 წელს ჩაირიცხა. გუნდში დაბრუნდა გიორგი ჯინჯოლავაც, რომელიც 2019 წელს ესპანეთში წავიდა, 2020 წელს კი „ლოკომოტივში“ გამოდიოდა.

რაც შეეხება ახალწვეულებს – მარტვილის „მერანიდან“ გუნდმა 21 წლის ტანმაღალი (190 სმ) მალელი მარცხენა შემტევი შეიკნე სილა მიიწვია, რომელმაც გასულ სეზონში მარტვილის გუნდში ცხრა მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა. მეორე ახალწვეული რაფიქ ამინუა – 21 წლის განელიც ფლანგის ფორვარდია და გასულ სეზონში „შევარდენი 1906“-ის მაისურით ცხრა მატჩში შვიდი გოლი გაიტანა.

მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში „საბურთალომ“ უკვე ცხრა მოთამაშე დაიმატა. ოთხეულის დამატებამდე გუნდთან კონტრაქტი გააფორმეს გიორგი ლაცაბიძემ, გიორგი ჯგერენაიამ, გიორგი ერისთავმა, რომან ჩაჩუამ და თომა ტაბატაძემ.

ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ გუნდი ორმა მეკარემ დატოვა – ლაზარე კუპატაძე წავიდა, მაგრამ ჯერ ახალი გუნდი უცნობია. დავით კუპატაძე კი კარიერას ტაჯიკეთის „ალაი ოშში“ გააგრძელებს. მანამდე თბილისური გუნდიდან წავიდნენ: სანდრო ალთუნაშვილი, ანრი ჭიჭინაძე, ლევან მაჭარაშვილი, პორტუგალიელი ჟარდელ როდრიგესი, ნიდერლანდელი ჟეროემ ლემუ და კამერუნელი ოლივიე ბუმალი.