„საბურთალომ“ გულშემატკივრებს მადლობა დაბალი ფასით გადაუხადა
„საბურთალომ“ გულშემატკივრებს მადლობა დაბალი ფასით გადაუხადა
ტირასპოლის „შერიფთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის ანგარიშით 3:0 მოგების შემდეგ, „საბურთალო“ თბილისში მოლდოვას ჩემპიონთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
 
„საბურთალოს“ ხელმძღვანელობა გულშემატკივრებს ემადლიერება – გუნდში მიჩნევენ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამარჯვებაში მათმა თანადგომამ დიდი როლი თამაშა და ხალხს მადლობა ორიგინალურად გადაუხადეს.
„გვინდა მადლობა გადავუხადოთ გულშემატკივრებს, რომლებიც „მიხეილ მესხის“ სტადიონზე თამაშზე მოვიდნენ და მხარი დაუჭირეს „საბურთალოს“. მიუხედავად ცუდი სტარტისა, ჩვენს გუნდს ტრიბუნებიდან მხარდაჭერა არ მოჰკლებია, რაც ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაცია იყო. მომდევნო შეხვედრას „საბურთალო“ 23 ივლისს ზაგრების „დინამოსთან“ თბილისში გამართავს. გვსურს, მოახლოებულ შეხვედრაში დასწრება იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი, რადგან გულშემატკივრების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მატჩზე დასწრება გვინდოდა ყოფილიყო თავისუფალი, თუმცა „უეფას“ (UEFA) რეგულაციებიდან გამომდინარე, ბილეთის ფასი 1 ლარი იქნება“, – წერია „საბურთალოს“ განცხადებაში.
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ზაგრების „დინამოს“ წინააღმდეგ 23 ივლისს, მიხეილ მესხის სტადიონზე, 21:30 საათზე დაიწყება.