„საბურთალომ“ გორში შანსი დაკარგა - ევროსაგზურისთვის ბრძოლას „დილა“ განაგრძობს
გორის „თენგიზ ბურჯანაძე-არენაზე“ ეროვნული ლიგის მე-17 ტურის შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს ევროსაგზურებისთვის მებრძოლი გუნდები, „დილა“ და „საბურთალო“ დაუპირისპირდნენ. ეს უხვგოლიანი, სანახაობრივი და დაძაბული შეხვედრა გორელების გამარჯვებით დასრულდა.
შეხვედრა სტუმრებმა უკეთ დაიწყეს და 28-ე წუთზე ანგარიში გახსნეს. ოლივიე ბუმალის გადაცემით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გიორგი გულიაშვილმა ზუსტად და ეფექტურად დაარტყა. გორელებმა გიორგი ლაცაბიძის წყლობით წონასწორობა 33-ე წუთზე აღადგინეს. მაგრამ 45+2-ე წუთზე, გიორგი გულიაშვილის პასით იური ტაბატაძემ „საბურთალო“ ისევ წინ გაიყვანა.
მეორე ტაიმი „საბურთალოსთვის“ ძალიან უიღბლოდ დაიწყო – 46-ე წუთზე, ბალგუ იენდეუნტის გადაცემის შემდეგ მეკარე ლაზარე კუპატაძე და გაგი მარგველაშვილი შეცდნენ და ლიდორ კოენმა ანგარიში გაათანაბრა. 58-ე წუთზე გიორგი გულიაშვილმა მეორე საგოლე გადაცემა გააკეთა და ბექა ქავთარაძემ სტუმრები ისევ დააწინაურა, მაგრამ ერთ წუთში გორელების მოწოდებული კუთხურის შემდეგ რომარიკ ეტოუმ ბურთი კარში თავით გაუშვა, რომელიც მეკარე ლაზარე კუპატაძემ ხელში ვერ შეიმაგრა – 3:3. 72-ე წუთზე გორელებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც მიკოლა კოვტალიუკმა გამოიყენა და „დილა“ პირველად დააწინაურა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:3.
17 ტურის შემდეგ „დილამ“ 27 ქულა დააგროვა და თბილისის „ლოკომოტივს“ ისევ ორი ქულით ჩამორჩება, მაგრამ ბოლო ტურამდე მესამე ადგილზე გასვლის შანსს ინარჩუნებს, „საბურთალო“ კი 24 ქულით მეხუთე ადგილზე დარჩა და ბოლო სამ წელიწადში ევროსაგზურის მოპოვების შანსი პირველად დაკარგა.