„საბურთალომ“ გამარჯვება ხელიდან გაუშვა - „დინამო თბილისმა“ გალიდერების შანსით ვერ ისარგებლა #1TVSPORT
მე-5 ტურის გადადებული მატჩების დღე „მიხეილ მესხზე“ გამართული შეხვედრით დასრულდა – „საბურთალომ“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება ხელიდან ბოლო წამზე გაუშვა.
ანგარიში 33-ე წუთზე „საბურთალომ“ გახსნა – ყოფილ გუნდს ბაქარ ქარდავამ კუთხურის გათამაშების შემდეგ გაუტანა, მაგრამ „დინამოსადმი“ პატივისცემა გამოხატა და გოლი არ აღნიშნა – 1:0. გაშვებული გოლის შემდეგ „დინამომ“ მწვავედ შეუტია, მაგრამ შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა.
„დინამომ“ მეორე ნახევარში მთელი ძალებით შეუტია, არაერთი საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ 90+4-ე წუთზე შეძლო. ლევან ხარაბაძის გადაცემით გიორგი გაბედავამ ისარგებლა, თავური დარტყმით ანგარიში 1:1 გახადა და ყოფილი გუნდის კარში გოლი არც მან აღნიშნა.
საბოლოოდ, შეხევდრა 1:1 დასრულდა. 7 ტურის შემდეგ „დინამო თბილისი“ 14 ქულით მე-3 ადგილზე დარჩა და ლიდერთან, ბათუმის „დინამოსთან“ (16) დაწევის შანსი ვერ გამოიყენა, „საბურთალომ“ კი 9 ქულა დააგროვა და ერთი საფეხურით, მე-6 ადგილზე დაწინაურდა.