„საბურთალომ“ „გაგრასთან“ გაიმარჯვა და ეროვნულ ლიგაში მესამე ადგილზე გადავიდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-15 ტური „გაგრასა“ და „საბურთალოს“ დაპირისპირებით დაიწყო. მატჩი თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა – 2:1.
ამ გუნდების წინა შეხვედრაში ორი პენალტი დაინიშნა, სცენარი ამ მატჩშიც გამეორდა. „საბურთალომ“ ორჯერ (მე-9 და 34-ე წუთებზე) თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვა. წესები ორივეჯერ იური ტაბატაძის წინააღმდეგ დაარღვიეს და ორივეჯერ წერტილიდან მან თავად დაარტყა.
„გაგრა“ მეორე ნახევარში თამაშის გადარჩენას ცდილობდა, მაგრამ მხოლოდ სხვაობის შემცირება მოახერხა. მასპინძლების სწრაფი შეტევა 90-ე წუთზე როინ ოდიშელიძემ მახვილი კუთხიდან ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
15 ტურის შემდეგ „გაგრა“ 11 ქულით ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში მეშვიდე პოზიციაზეა. „საბურთალომ“ კი წარმატებული სერია რვა მატჩამდე გაზარდა, 29 ქულით მესამე ადგილზე დაწინაურდა და დააქვეითა „დინამო თბილისი“ (27), რომელსაც ტურის მატჩი გასამართი აქვს.