„საბურთალომ“ „დილა“ ჩამოიტოვა და სამეულში დაწინაურდა [ვიდეო] #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-16 ტურში „საბურთალომ“ გორის „დილა“ მიიღო და დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა – 3:0.
სტუმრებისთვის საბედისწერო გამოდგა პირველი ტაიმის 7-წუთიანი ეპიზოდი, როდესაც „საბურთალომ“ მეტოქის კარში 3 გოლი გაიტანა და სამივე მშვენიერი ფლანგური გადაცემების შედეგად. 31-ე წუთზე გიორგი ლაცაბიძის გადაცემა ელვინ ტერამ დააგვირგვინა. გავიდა ორი წუთი და მარჯვენა ფლანგიდან ნიკოლოზ მალის გადაცემა დმიტრი მანდრიჩენკომ გოლად აქცია. ხოლო მანვე 37-ე წუთზე იური ტაბატაძის პასის შემდეგ „დილას“ კარი მკერდით აიღო და ტაიმი 3:0 დასრულდა.
მეორე ტაიმში „დილა“ სხვაობის შემცირებას კი ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. 90-ე წუთზე კი გუნდმა მნიშვნელოვანი მოთამაშეც დაკარგა – ამოს ნონდიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. გორელებმა ბოლო 4 მატჩიდან მესამე წააგეს, „საბურთალომ“ კი დამსახურებულად მოიგო.
ეროვნულ ლიგაში გამართული 16 ტურის შემდეგ „საბურთალომ“ 27 ქულა დააგროვა და დიდი ნახტომი გააკეთა – ხვიჩა შუბითიძის გუნდი მე-5 ადგილიდან სამეულში დაწინაურდა, ლიდერ „დინამო თბილისს“ კი 5 ქულით ჩამორჩება. „დილა“ 25 ქულით მეოთხე პოზიციაზე დაქვეითდა.