„საბურთალომ“ და თბილისის „დინამომ“ აკადემიები გააჩერეს, ბათუმის „დინამომ“ ვარჯიში შეწყვიტა
მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული მოვლენების გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გასამართი ყველა აქტივობა შეჩერებულია.
ეროვნული ლიგა, ეროვნული ლიგა 2, ლიგა 3 და ასევე ასაკობრივი ჩემპიონატები 1 აპრილამდე შეჩერდა. თავისი გადაწყვეტილებები „საბურთალომ“, თბილისის და ბათუმის „დინამოს” ხელმძღვანელებმა მიიღეს.
„მსოფლიოში და ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე „დინამო თბილისის” აკადემიაში საწვრთნელი პროცესი შეჩერებულია, ხოლო ყველა ასაკობრივი ჩემპიონატის მატჩები აპრილამდეა გადადებული. საწვრთნელი პროცესის განახლება შესაბამისი რეკომენდაციების მიღების შემდეგ იქნება გადაწყვეტილი“ – ეს თბილისის „დინამოს“ განცხადებაა.
„მსოფლიოში და ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საფეხბურთო კლუბმა „საბურთალომ” ყველა ასაკობრივ გუნდში ვარჯიშები 23 მარტამდე შეაჩერა. ხელმძღვანელობა ვარჯიშების გაგრძელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღებს. ჩვენი კლუბისთვის პრიორიტეტულია ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება” – წერია „საბურთალოს” წერილში.
ბათუმის „დინამოს” ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ცნობიდან კი შევიტყვეთ, რომ გუნდის ხელმძღვანელებმა საგანგებო თათბირი გამართეს და ვითარების შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს. ბათუმელთა სპორტულ დირექტორის, ასლან ბალაძის თქმით, თათბირზე გადაწყდა, რომ ბათუმის „დინამოს” მთავარი გუნდი 18 მარტამდე საწვრთნელ პროცესს შეაჩერებს. 23 მარტამდე, ფუნქციონირებას შეაჩერებს ბათუმის ბავშვთა აკადემიაც. ამ პერიოდში, ანგისას ბაზაზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება, გუნდი სეზონის განახლებას სრულ მზადყოფნაში რომ შეხვდეს.