„საბურთალომ“ კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა. თბილისურ კლუბში 23 წლის მცველი რომან ჩაჩუა ჩაირიცხა – ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.
„23 წლის ფლანგის მცველი რომან ჩაჩუა „საბურთალოში“ ითამაშებს! მისი ბოლო კლუბი ქობულეთის „შუქურა“ გახლდათ“, – წერია გუნდის ოფიციალურ გვერდზე.
23 წლის ჩაჩუა სამტრედიელია და სხვათა შორის, საქართველოს ნაკრების მცველის, საბა კვირკველიას უახლოესი ნათესავია. „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიაში იზრდებოდა და საქართველოს 17, 19 და ახალგაზრდული ნაკრებების ფეხბურთელი იყო.
ჩაჩუამ პირველი პროფესიული კონტრაქტი ქობულეთის „შუქურასთან“ გააფორმა, მერე იყო „სამტრედიაში“, ირანულ „სეპიდროდ რეშთში“, ბოლნისის „სიონში“, 2020 წელი კი ისევ „შუქურაში“ გაატარა, სადაც 11 მატჩი ჩაატარა და ორი ბურთის გატანა შეძლო.
ახალგაზრდა ფეხბურთელს ქობულეთის „შუქურას“ ოფიციალურ გვერდზე მადლობა გადაუხადეს და წარმატება უსურვეს: „რომან ჩაჩუამ ქობულეთის „შუქურა“ დატოვა და კარიერას „საბურთალოში“ გააგრძელებს. მადლობა ჩაჩუს გუნდში გაწეული შრომისათვის და წარმატებები“.