ეროვნული ლიგის 23-ე ტური თბილისში დასრულდა – „მიხეილ მესხი არენაზე“ „საბურთალომ“ გათამაშების ლიდერს, ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და ქულები წაართვა.
ბათუმელებმა ანგარიში მასპინძელთა შეცდომით გახსნეს. გიორგი გოჩოლეიშვილი ბურთს მეკარეს უბრუნებდა, ჯოვინო ფლამარიონმა გადაცემა ჩაჭრა და მეკარესთან პირისპირ გასულმა შანსი გოლად აქცია 0:1.
„საბურთალომ“, რომელსაც პირველ ტაიმში რეალური საგოლე მომენტი არ შეუქმნია, მეორე ნახევარში პირველივე დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. იური ტაბატაძემ ლაშა კოხრეიძის გადაცემის შემდეგ ზუსტად დაარტყა 1:1.
ბათუმის „დინამომ“ 23 ტურის შემდეგ 47 ქულა დააგროვა და „დინამო თბილისთან“ (44 ქულა) უპირატესობა გაზარდა. „საბურთალო“ (36) თბილისის „ლოკომოტივს“ გაუთანაბრდა და გორის „დილასთან“ (38) სხვაობაც ორ ქულამდე შეამცირა.
ამ შეხვედრით ეროვნულ ლიგაში 23-ე ტურის მატჩები დასრულდა. შემდეგი ტურის მატჩები 15-16 სექტემბერს გაიმართება.