„საბურთალოს“ სპორტული დირექტორი ლევან სეთურიძე თბილისურ კლუბს დაემშვიდობა – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ლევანმა მცირე დრო დაჰყო „საბურთალოში“, ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება მოასწრო როგორც კლუბისთვის, ასევე ქართული ფეხბურთისთვის. რა თქმა უნდა, იგი ჩვენი კლუბის გულშემატკივრად რჩება. „საბურთალო“ მადლობას უხდის ლევან სეთურიძეს კლუბში გაწეული სამსახურისთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს!“ – წერია „საბურთალოს“ განცხადებაში.
როგორც შევიტყვეთ, სეთურიძე კარიერას ბიზნესში გააგრძელებს. მისი განხორციელებულია საქართველოში „ინტერის“, „იუვენტუსისა“ და „რეალ მადრიდის“ საზაფხულო კემპები. „საბურთალოში“ ის 2019 წელს დაინიშნა. კლუბის ხელმძღვანელობის თქმით, ჯერ სეთურიძის შემცვლელი არ დანიშნულა.