საბურთალო შვედების ინტერესს ადასტურებს
საბურთალო შვედების ინტერესს ადასტურებს

„საბურთალოს” აღასრულებელი დირექტორი, კახა კაშია პირველ არხთან ადასტურებს, რომ შვედურ კლუბ „გიოტებორგს“ გიორგი ხარაიშვილის ტრანსფერის გამოსყიდვა სურს.

„შვედების ინტერესი ცალსახაა – გიორგი მათთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა და მისი ტრანსფერის გამოსყიდვით დაინტერესებულები არიან. დასამალი არც ისაა, რომ სეზონის განმავლობაში „გიოტებორგის” თამაშებზე ევროპელი სკაუტები დადიოდნენ და გიორგის აკვირდებოდნენ. მაგრამ ჯერ მოლაპარაკება შვედებთან გაიმართება. ამ კლუბთან ჩვენ ხანგრძლივი პარტნიორობა გვსურს და „გიოტებორგთან” მოლაპარაკების შემდეგ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას, გიორგი კარიერას შვედეთში გააგრძელებს თუ სხვა კლუბში“ – ამბობს კაშია.

შეგახსენებთ, რომ განვლილ სეზონში შვედურ კლუბში გადასული გიორგი ხარაიშვილი „გიოტებორგის” ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე გახდა. შვედური მედიის ცნობით, კლუბს მისი ტრანსფერის გამოსყიდვა სურს „საბურთალოსგან”, რომელსაც დღემდე ეკუთვნის ხარაიშვილის ტრანსფერი. 22 წლის ფეხბურთელი შვედეთში ერთწლიანი იჯარის საფუძველზე თამაშობდა.