„საბურთალო“ სამხრეთამერიკული კლუბების ჰოლდინგთან მოლაპარაკებას აწარმოებს #1TVSPORT
„საბურთალო“ ახალ სეზონს არა მხოლოდ განახლებული შემადგენლობით, არამედ, შესაძლოა, ახალი პარტნიორებითაც შეხვდეს.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, „საბურთალოს“ კაპიტანი, შემტევი ნახევარმცველი ტაბატაძე და მცველი ჯინჯოლავა სლოვაკურ „ზლატე მორავცეს“ შეკრებაზე რომ შეუერთდებიან, ეს კლუბებს შორის თანამშრომლობაზე დაწყებული მოლაპარაკების შედეგია.
საქმე ისაა, რომ „საბურთალოში“ კარგად აცნობიერებენ, რომ საკუთარი რესურსით ევროთასებზე გამოსვლა წინასწარ განწირული იქნება, თუ ამჟამინდელი ვითარება არ შეიცვალა. საამისოდ საკუთარი რესურსები კლუბს არ გააჩნია. ამ მიზნით, შესაძლოა, „საბურთალომ“ სამხრეთამერიკული კლუბების ჰოლდინგთან ითანამშრომლოს – პოტენციურ პარტნიორენთან და ინვესტორებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც თბილისური კლუბი საერთაშორისო საფეხბურთო ჰოლდინგის ნაწილი გახდება და ფეხბურთელებს კლუბებში შუამავლების გარეშე გაუშვებენ, „საბურთალო“ კი იმედოვნებს, რომ ფეხბურთელებისთვის ევროპაში „ფანჯრის“ როლს შეასრულებს.
ეს ინტერესი გამომდინარეობს იქიდან, რომ ჰოლდინგების მოდელმა გაამართლა და გუნდებს გაძლიერებაში ხელს უწყობს, ხოლო მოთამაშეებს – გაზრდასა და უკეთეს კლუბში ეტაპობრივად გადასვლაში. ერთმანეთთან ინტეგრირებულ ქსელში ეტაპებით გადასვლით ყველა სარგებლობს. ამ შემთხვევაში ლაპარაკია ხუთი სამხრეთამერიკული და ხუთი ევროპული კლუბის თანამშრომლობაზე. ამერიკაში კლუბები უკვე თანამშრომლობენ, ერთი მათგანი არგენტინის ვიცე ჩემპიონი „ატლეტიკო ტალარესია“.
ევროპაში ჰოლდინგის პოტენციურ წევრ კლუბებთან მოლაპარაკება ახლა მიმდინარეობს. „საბურთალოს“ გარდა, ლაპარაკია ესპანურ, პორტუგალიურ, ბელგიურ და სლოვაკურ გუნდებზე. პროექტის განხორციელებას დრო უნდა, მაგრამ პირველი ნაბიჯები გადაიდგა. ამ თანაშრომლობისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო პროექტის შესაძლო წევრ სლოვაკურ „ზლატე მორავცეში“ „საბურთალოს“ ორი ფეხბურთელის გადასვლა და კიდევ ორი შეიძლება წავიდეს.
მსგავსი ჩანაფიქრი იყო 2021 წელსაც, როდესაც „საბურთალომ“ „ვალენსიასთან“ შეთანხმება გააფორმა, მაგრამ ესპანურ კლუბში მენეჯმენტის შეცვლამ ყველაფერი ჩაშალა. ამის გამო „საბურთალომ“ ახლა თანამშრომლობა უშუალოდ კლუბის მეპატრონეებთან დაიწყო, კონკრეტულად კი „ატლეტიკო ტალერესის“ პრეზიდენტთან, ანდრეს ფასთან. თუ საბოლოო შეთანხმება გაფორმდება, არგენტინული კლუბი იანვარში რამდენიმე ახალგაზრდას „საბურთალოში“ გამოუშვებს.