„საბურთალო“ პლეიოფს მიუახლოვდა - საქართველოს ჩემპიონმა „არარატ-არმენია“ გასვლაზე დაამარცხა (ვიდეო)

საბურთალომ“ ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისას ერევანში „არარატ-არმენიასთან“ შესანიშნავი თამაში აჩვენა და სომხეთის ჩემპიონი გასვლაზე დაამარცხა.

ერევნის რესპუბლიკურ სტადიონზე მატჩის პირველი ტაიმი სომხების უპირატესობით მიმდინარეობდა და 31-ე წუთზე მასპინძლებმა მიზანს მიაღწიეს, შეტევა ანტონ კობიალკომ დააგვირგვინა – 1:0.

საბურთალომ“ ხასიათი გამოავლინა და შესვენების შემდეგ შეტევები გაამწვავა. თბილისელთა შეტევებმა შედეგი გამოიღო და 73-ე წუთზე წამოწყებული შეტევა სანდრო ალთუნაშვილმა გოლით დააგვირგვინა – 1:1. სამ წუთში თბილისელთა კონტრშეტევა მოედანზე ხუთი წუთის შემოსულმა ლევან ყენიამ გაამწვავა, რომელმაც „საბურთალოში“ პირველად ითამაშა, „არარატ-არამენიას“ კარი აიღო და საქართველოს ჩემპიონი დააწინაურა – 1:2.

საბოლოოდ, შეხვედრა ასეც დასრულდა – 1:2. „საბურთალოსა“ და „არარატ-არმენიას“ განმეორებით დაპირისპირებას 13 აგვისტოს თბილისის „მიხეილ მესხი არენა“ უმასპინძლებს. საქართველოს ჩემპიონს ევროპის ლიგის პლეიოფში გასვლის მშვენიერი შანსი აქვს.