„საბურთალომ“ ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-17 ტურში საჩხერის „ჩიხურა“ დაამარცხა და პირველი წრის ჩემპიონი გახდა.
„მიხეილ მესხზე“ გამართულ ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი გავიდა – 84-ე წუთზე საჩხერელთა კარი დავით ვოლკოვმა აიღო და „საბურთალომ“ 1:0 მოიგო.
გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილებმა 17 ტურის შემდეგ 40 ქულა დააგროვეს და პირველი წრის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მეტოქეებისთვის მიუღწევლები გახდნენ: „დილამ“ გუშინ ითამაშა, 34 ქულით მეორეზეა და თბილისელებს ბოლო ტურში მოგებითაც ვერ დაეწევა. რაც შეეხება თბილისის „დინამოს“ (რომელიც ხვალ გასვლაზე ფოთის „კოლხეთთან“ ითამაშებს), „საბურთალოს“ რვა ქულით ჩამორჩება და კოლხებთან და ბოლო ტურში მოგების შემთხვევაშიც, სხვაობას ორ ქულამდე თუ შეამცირებს.
ამით „საბურთალომ“ ისტორიული შედეგი დააფიქსირა – 14 წლის წინ შექმნილი კლუბი, რომელსაც არანაირი ტიტულები არ გააჩნია, წრის გამარჯვებული პირველად გახდა.