საბურთალო ოქროს უახლოვდება - დვალიშვილმა ნავსი გატეხა
საბურთალო ოქროს უახლოვდება - დვალიშვილმა ნავსი გატეხა

„საბურთალომ“ ეროვნული საფეხბურთო ლიგის 29-ე ტურში, ფოთის „კოლხეთი“ 4:1 დაამარცხა და ჩემპიონობას მიუახლოვდა. დუბლი გეგა დიასამიძემ შეასრულა (23 და 50-ე წუთები), ანგარიშიც მის საგოლე გადაცემით გაიხსნა – მე-12 წუთზე თავი „საბურთალოს“ ლეგიონერმა – ელვინ ტერამ გამოიჩინა, ბოლოს თბილისელებიდან მეტოქის კარი ლადო დვალიშვილმა 74-ე წუთზე აიღო, ხოლო ფოთელებიდან ერთად-ერთი გოლი, 53-ე წუთზე ლუკა იმნაძემ გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ დვალიშვილმა „საბურთალოში“ თავისი პირველი გოლი გაიტანა. მან ბოლოს ოფიციალურ შეხვედრაში თავი, ყაზახეთის ჩემპიონატში, 2017 წლის 28 მაისს გამოიჩინა, როდესაც „ატირაუში“ თამაშობდა. მას შემდეგ 32 წლის გამოცდილ თავდამსხმელს (რომელსაც ვლადიმირ ვაისი დღემდე საქართველოს ნაკრების კანდიდატებში მოაიზრებს) წელიწადი და ხუთი თვე გატანილი არ ჰქონდა.

ჩემპიონატის დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე „საბურთალო“ ჩემპიონობის ყველაზე რეალური კანდიდატია: გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილებმა 66 ქულა დააგროვეს და უკვე შვიდი ქულით გაასწრეს უშუალო კონკურენტ თბილისის „დინამოს“, რომელიც დღეს, თანაქალაქელ „ლოკომოტივთან“ მხოლოდ ქულას დასჯერდა.