„საბურთალო“ მსაჯით უკმაყოფილო დარჩა - „სიონს“ ქულები ისევ ხორხელებმა მოუტანეს #1TVSPORT
ბოლნისის „თამაზ სტეფანია არენაზე“ ეროვნული ლიგის მე-16 ტურის მატჩში „სიონმა“ თბილისის „საბურთალოს“ უმასპინძლა და დაძაბულ დაპირისპირებაში მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
პირველ ტაიმში მომენტები „საბურთალომ“ შექმნა – საკვანძო მომენტი 44-ე წუთზე მოხდა. მეკარესთან პირისპირ დარჩენილი „საბურთალოს“ თავდამსხმელი გიორგი გულიაშვილი „სიონის“ მეკარე ლევან ისიანმა წააქცია – ყველა ელოდა, რომ მას ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევებდნენ, მაგრამ მთავარმა არბიტრმა „სიონის“ მეკარეს ყვითელი ბარათი აჩვენა.
მეორე ნახევრის დასაწყისში თამაში 4 წუთით შეწყდა. მიზეზი „სიონის“ გულშემატკივრებსა და „საბურთალოს“ სათადარიგო მოთამაშეებს შორის წარმოქმნილი სიტყვიერი დაპირისპირება გახდა, მაგრამ ინციდენტი ამოიწურა და თამაში გაგრძელდა.
„საბურთალოსგან“ განსხვავებით, ბოლნისელებმა თავისი შანსით ისარგებლეს – მომენტი მთლიანად ძმებმა ხორხელებმა შექმნეს. 79-ე წუთზე, ნიკა ხორხელმა ფლანგზე კარგად ითამაშა და საჯარიმოში ლუკა ხორხელი მოძებნა, რომელმაც ახლოდან ზუსტად დაარტყა 1:0. საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და შეხვედრა „სიონმა“ მოიგო.
ბოლნისელებმა 16 ტურის შემდეგ 14 ქულა დააგროვეს და „გაგრას“ (17) გაუტოლდნენ, ხოლო „საბურთალო“ (23) ქულით ისევ მე-5 პოზიციაზეა.