„საბურთალო“ ლიდერებს დაეწია, „თელავმა“ პირველად წააგო
„საბურთალო“ ლიდერებს დაეწია, „თელავმა“ პირველად წააგო

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მე-5 ტურის მორიგი მატჩი გაიმართა – მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მთავარ არენაზე „საბურთალომ“ ლიგის დებიუტანტს, „თელავს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

პირველ ტაიმში თამაში საკმაოდ დაბალ ტემპში და უფერულად წარიმართა, მეტოქეებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს. მეორე ტაიმში ტემპიც გაიზარდა და დაძაბულობაც, ერთადერთი გოლიც ამ მონაკვეთში გავიდა. „საბურთალო“ 67-ე წუთზე დაწინაურდა – საკუთარ საჯარიმოში თელაველთა მცველმა თორნიკე ძოწენიძემ ხელით ითამაშა და მთავარმა არბიტრმა პენალტი დანიშნა, რომელიც გიორგი კოხრეიძემ ეფექტურად შეასრულა 1:0.

საბოლოოდ, შეხვედრა ასეც დასრულდა, „საბურთალომ“ 1:0 მოიგო, ხუთი ტურის შემდეგ 8 ქულა დააგროვა, ლიდერებს, თბილისის „დინამოსა“ და გორის „დილას“ დაეწია, რომელთაც ტურის თამაში ჩასატარებელი აქვს. „თელავმა“ კი სეზონში პირველი შეხვედრა წააგო და 6 ქულით მე-6 ადგილზეა.