„საბურთალო“ ლეგიონერებმა დატოვეს - ალთუნაშვილი, სავარაუდოდ, ბათუმში ითამაშებს (ვიდეო)
ახალი სეზონისთვის „საბურთალო“ ახალი გუნდი იქნება, სადაც ბევრი ახალი მოთამაშეს ვნახავთ, ამჟამინდელი შემადგენლობიდან კი გუნდი რამდენიმემ დატოვა, – ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
„პორტუგალიელ ჟარდელ როდრიგესსა და კამერუნელ ოლივიე ბუმალს კონტრაქტები დაუმთავრდათ და „საბურთალო“ დატოვეს. ორივე მათგანს მადლობას ვუხდით და მომავალში წარმატებას ვუსურვებთ“, – წერია კლუბის განცხადებაში.
ამავე დროს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გუნდი ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ნახევარმცველმა, სანდრო ალთუნაშვილმა დატოვა. ის კარიერას საქართველოს ვიცეჩემპიონ ბათუმის „დინამოში“ გააგრძელებს. თუმცა, ჯერ ამის შესახებ კლუბებში ინფორმაციას არ ადასტურებენ.
ალთუნაშვილი, 23 წლის ფეხბურთელი „საბურთალოს“ აღზრდილია და კლუბის სახელით რვა სეზონი გაატარა, ბოლო ორ წელიწადში კი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. სანდრო იყო საქართველო 19 და 21 წლამდე ნაკრებების წევრი. 2019 წელს ეროვნული ლიგის წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ალთუნაშვილი „საბურთალოს“ მეორე ფეხბურთელია, რომელიც სეზონის ბოლოს ბათუმის „დინამომ“ დაიმატა. პირველი გოგა ჩაბრაძე იყო, რომელმაც გასული სეზონი „თელავში“ იჯარით გაატარა.