„საბურთალო“ კიდევ ერთ ფეხბურთელს დაემშვიდობა. გუნდის პრესსამსახურის ცნობით, თბილისური კლუბი ლაშა შინდაგორიძემ დატოვა.
29 წლის შემტევი თბილისურ კლუბში სეზონის დასაწყისში ბათუმის „დინამოდან“ დაბრუნდა, მაგრამ ამჯერად გუნდში ბევრი არ უთამაშია და შესაბამისად, „საბურთალოს“ ბევრითაც ვერ დაეხმარა – 13 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.
„საბურთალომ” მადლობა გადაუხადა შინდაგორიძეს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებები უსურვა კარიერაში. სად გააგრძელებს გამოცდილი ფლანგის შემტევი კარიერას, მალე გაირკვევა.
შეგახსენებთ, რომ შინდაგორიძემ კარიერა დაიწყო „დინამო თბილისი 2“-ში, თამაშობდა „ცხინვალში“, ქუთაისის „ტორპედოში“, ბოლნისის „სიონში“, ბათუმის „დინამოში“. აქვს უცხოეთში თამაშის გამოცდილება – უნგრულ „ბალმაზივაროშსა“ და ბელარუსში, სოლიგორსკის „შახტიორში“. საინტერესოა, რომ შინდაგორიძე „საბურთალოში“ სამჯერ ჩაირიცხა – 2017, 2018–2019 და 2022 წლებში.
შეგახსენებთ, რომ „საბურთალო“ უკვე დატოვეს ოთო გოშაძემ, ნოდარ იაშვილმა და ნოდარ ქავთარაძემ. გუნდმა ესპანეთიდან გიორგი ჯინჯოლავა დაიბრუნა, ხოლო „თელავიდან“ – გურამ გოშთელიანი.