„საბურთალო“ კიდევ სამ ფეხბურთელს შეელია
„საბურთალო“ კიდევ სამ ფეხბურთელს შეელია

თბილისის „საბურთალო“ კიდევ სამმა ფეხბურთელმა დატოვა – ამის შესახებ ეროვნული ლიგის მონაწილე გუნდის ოფიციალური გვერდი იუწყება.

„ანრი ჭიჭინაძე და ლევან მაჭარაშვილი „საბურთალოს“ დაემშვიდობნენ. ორივე მათგანს მადლობას ვუხდით და მომავალში წარმატებას ვუსურვებთ!“, – წერია „საბურთალოს“ ოფიციალურ გვერდზე.

ორივე მათგანი „საბურთალოში“ 2020 წელს ჩაირიცხა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი ლევან მაჭარაშვილი გუნდში სომხეთის ჩემპიონატის მონაწილე „ლორიდან“ გადავიდა, „საბურთალოს“ ფორმა კი სეზონში 11-ჯერ მოირგო. ანრი ჭიჭინაძე კი ქუთაისის „ტორპედოს“ მოთამაშე იყო, დასრულებულ სეზონში კი „საბურთალოში“ 12 თამაში ჩაატარა.

მათ გარდა ცნობილი გახდა, რომ გუნდი ნიდერლანდელმა ჯეროენ ლუმუმ დატოვა, რომელიც გუნდში წელს ჩაირიცხა და 7 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.

თბილისური კლუბი უკვე შვიდმა მოთამაშემ დატოვა. ბათუმის „დინამოსთან“ კონტრაქტები გააფორმეს გოგა ჩაბრაძემ და სანდრო ალთუნაშვილმა, პორტუგალიელ ჟარდელ როდრიგესსა და კამერუნელ ოლივიე ბუმალს კი კონტრაქტები დაუმთავრდათ და „საბურთალომ“ ხელშეკრულებების გაფორმება აღარ ისურვა.