„საბურთალო“ - ფედერაციის ინფრასტრუქტურით უფასოდ არ ვსარგებლობთ და არც დავალიანება გაგვაჩნია #1TVSPORT
„საბურთალო“ - ფედერაციის ინფრასტრუქტურით უფასოდ არ ვსარგებლობთ და არც დავალიანება გაგვაჩნია #1TVSPORT

საბურთალომ“ განცხადება გაავრცელა. საფეხბურთო კლუბი გამოეხმაურა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის იმ კომენტარს, რომელიც მან პროფესიული ფეხბურთიდან „საბურთალოს” პრეზიდენტის ტარიელ ხეჩიკაშვილის წასვლის შესახებ გააკეთა.

„ხეჩიკაშვილი არის ერთ-ერთი დამფუძნებელი ამ კლუბის. ეს კლუბი ცალკე იურიდიული პირია და მას უნდა ჰკითხოთ, რატომ წყვეტს დაფინანსებას. შეიძლება, ფინანსური პრობლემები აქვს. გასაგებია, რომ კრიზისია, პანდემიაა და, შესაძლოა, რაიმე ფინანსური პრობლემა ჰქონდეს ბიზნესიდან გამომდინარე. დიდია ხანი ფედერაციის დავალიანება აქვთ, ასი ათასობით ლარი. ჩვენს ინფრასტრუქტურას იყენებენ, რადგან არ გააჩნიათ საკუთარი სტადიონი და ამის გადასახადს არ იხდიან“, – განაცხადა კობიაშვილმა.

საბურთალომ“ ამასთან დაკავსირებით განცხადება გაავრცელა, სადაც უარყო, რომ კლუბს ფეხბურთის ფედერაციის დავალიანება გააჩნია.

„ტარიელ ხეჩიკაშვილის და „საბურთალოს“ თანამშრომლობა უკვე ორ ათეულ წელს ითვლის. ამ დროის განმავლობაში არაერთი კრიზისისა თუ კატაკლიზმების გადატანა მოუხდა ჩვენს ქვეყანას და მიუხედავად ამისა, არც წარსულში და არც ახლა, პანდემიისა და გლობალური კრიზისის ჟამს, ჩვენს პრეზიდენტს კლუბის დაფინანსება არ შეუწყვეტია. ასე რომ, რაიმე სავარაუდო კრიზისზე აპელირება მართებულად არ მიგვაჩნია. საფეხბურთო საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ „საბურთალოს“ აკადემია ერთ-ერთი საუკეთესოა, არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონშიც. ამ მიზნის მისაღწევად კეთილმოეწყო ინფრასტრუქტურა, გადამზადდნენ მწვრთნელები, ჩატარდა არაერთი საერთაშორისო ტურნირი. ბუნებრივია, ყოველივე ეს მრავალ მილიონიანი ინვესტიციების შედეგად გახდა შესაძლებელი. ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი და აკადემიის განვითარება კვლავ რჩება კლუბის პრიორიტეტულ საკითხად, ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ძირითადი პარტნიორების შენარჩუნება.

რაც შეეხება საშინაო არენას – მთავარი გუნდი „მიხეილ მესხის” არენით სარგებლობს, რაშიც იჯარით დაკისრებულ თანხას კლუბი წლებია პატიოსნად იხდის. მოიჯარის და მეიჯარის ურთიერთობა სტანდარტული პროცესის ფარგლებს არ გასცდენია, მაგალითისთვის მოვიყვანთ ბოლო ორი თვის მონაცემებს – იანვარში დასაფარი იყო 70,089 ლარი, რაც თებერვლისთვის შევამცირეთ 42,856 ლარამდე. იჯარით გადასახდელი თანხის ზრდა და კლება სტანდარტული პროცესია და მართვას ექვემდებარება. ხოლო „საბურთალო“ წლებია, კეთილსინდისიერი მოიჯარის და გადამხდელის სტატუსს ინარჩუნებს. ასე რომ კომენტარში მოყვანილი ფაქტი, თითქოს ფედერაციის ინფრასტრუქტურით უფასოდ ვსარგებლობთ და რამოდენიმე ასეულ ათასი ლარი დავალიანება გვაქვს, სიმართლეს არ შეესაბამება.

ვფიქრობთ, „საბურთალო“ იყო კერძო ინვესტორსა და საფეხბურთო ოჯახს შორის თანამშრომლობის წარმატებული მოდელი და მაგალითი, როგორც სხვა გუნდებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის. თუმცა, დღეს შექმნილი მდგომარეობა ერთნაირად აზიანებს, როგორც ჩვენს კლუბს, ასევე მთლიანად ქართულ ფეხბურთს. ამიტომ, აუცილებლად მიგვაჩნია დიალოგის რეჟიმში, კონცენტრირება გაკეთდეს იმ პრობლემების განხილვაზე, რაც დღეს ქართულ ფეხბურთში არსებობს“, – წერია განცხადებაში.