საფეხბურთო კლუბმა „საბურთალომ“ ახალი გუნდის მშენებლობა დაიწყო და კიდევ ორ მოთამაშეს შეელია, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„დავით კუპატაძე და ბექა ქავთარაძე „საბურთალოს“ დაემშვიდობნენ. ორივე მათგანს მადლობას ვუხდით და მომავალში წარმატებას ვუსურვებთ!“, – წერს „საბურთალოს“ ოფიციალური ვებგვერდი.
21 წლის ბექა ქავთარაძე „დინამო თბილისის“ აღზრდილია. 2018-2019 წლებში „რუსთავში“ თამაშობდა, 2020 წლიდან კი „საბურთალოში“ ჩაირიცხა და სეზონის ყველა 18 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. უთამაშია საქართველოს 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში. ახალგაზრდულ ნაკრებში 10 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
კუპატაძის ამბავი ცნობილი იყო, ქავთარაძის წასვლა კი სიახლეა. საფეხბურთო კლუბმა „საბურთალომ“ სეზონის დასრულების შემდეგ არაერთი ტრანსფერი განახორციელა, ბევრი მოთამაშე დაიმატა და ბევრსაც შეელია. გუნდი ცხრა მოთამაშემ დატოვა. მათ შორის ორი მეკარეა – ლაზარე და დავით კუპატაძეები. პირველს კარიერის ევროპაში გაგრძელება სურს, მეორე ტაჯიკეთის „ალაი ოშში“ გადავიდა. გუნდიდან ასევე წავიდნენ სანდრო ალთუნაშვილი, ანრი ჭიჭინაძე, ლევან მაჭარაშვილი, პორტუგალიელი ჟარდელ როდრიგესი, ნიდერლანდელი ჟეროემ ლემუ და კამერუნელი ოლივიე ბუმალი. მათ სიას ბექა ქავთარაძეც შეემატა.
ლევან კორღალიძემ სულ ცხრა მოთამაშე მიიწვია – „თელავიდან“ მეკარე ოთო გოშაძე, „რუსთავიდან“ – ნახევარმცველი ბექა გვარაძე, „ლოკომოტივიდან“ გიორგი ჯინჯოლავა დაიბრუნა, მარტვილის „მერანიდან“ 21 წლის მალელი მარცხენა შემტევი შეიკნე სილა მიიწვია, „შევარდენი 1906“-იდან 21 წლის განელი ფლანგის ფორვარდი რაფიქ ამინუა, ასევე გიორგი ლაცაბიძე, გიორგი ჯგერენაია, გიორგი ერისთავი, რომან ჩაჩუა და თომა ტაბატაძე.