მოსამზადებელ ეტაპზე დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში ერთმანეთს თბილისური გუნდები – „საბურთალო“ და „ლოკომოტივი“ დაუპირისპირდნენ, მატჩი 0:0 დასრულდა.
ორივე გუნდისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ეს მეორე ამხანაგური შეხვედრა იყო. „საბურთალომ“ „ვიტ ჯორჯია“ 5:0 დაამარცხა, ხოლო „ლოკომოტივმა“ „დინამო თბილისს“ 2:0 მოუგო. ორივე მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობა ბევრმა ახალგაზრდა მოთამაშემ მიიღო.
საქართველოს თასის მფლობელმა, „საბურთალომ“ პირველ ტაიმში შემდეგი შემადგენლობა ათამაშა: კურტანიძე, კომახიძე, ჯგერენაია, დერეკი, კაპანაძე, შ. ნონიკაშვილი, ქარდავა, კოხრეიძე, გ. მამაგეიშვილი, მამაცაშვილი, სიხარულიძე.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი მიქაძემ მეორე ტაიმში, ძირითადად, გამოუცდელ ფეხბურთელებს მისცა დრო: კურტანიძე, ჭანტურია, ნარიმანიძე, დერეკი, გოგსაძე, გაფრინდაშვილი, კაკულია, ომარაშვილი, ხაჩიძე, დადიანი, ჩაჩუა.
31 იანვარს „საბურთალო“ თურქეთში გაემგზავრება, სადაც ორკვირიან შეკრებას გაივლის და კიდევ სამ საწვრთნელ შეხვედრას ჩაატარებს. „ლოკომოტივი“ კი თბილისში მოემზადება და შემდეგ მატჩს 27 იანვარს „სპაერთან“ გამართავს.