თბილისის „დინამოს“ შემდეგ, „საბურთალომ“ მოქმედი ჩემპიონი, ქუთაისის „ტორპედოც“ დაამარცხა და დაამტკიცა, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა სერიოზულად აპირებს.
ეროვნული საფეხბურთო ლიგის მეშვიდე ტურის ცენტრალური შეხვედრა თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა „საბურთალომ“ ანგარიში 38-ე წუთზე გახსნა: კუთხურიდან მოწოდებული ბურთი საკუთარ კარში ქუთაისელთა მცველმა დავით ხურცილავამ ჩაჭრა 1:0.
მეორე ტაიმი „საბურთალომ“ მეტოქეზე უკეთ ჩაატარა, მეტი მომენტიც შექმნა და ერთი მათგანი გამოიყენა: 56-ე წუთზე ბექა გვარაძემ ლამაზი გოლით „საბურთალოს“ უპირატესობა გაზარდა და როგორც შემდეგ გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:0.
ამ მოგებით, „საბურთალომ“ 18 ქულა დააგროვა, პირველი ადგილი დაიბრუნა და უახლოეს კონკურენტ „დინამო თბილისს“ ისევ სამი ქულით გაასწრო. „ტორპედოს“ კი ჯერ მხოლოდ ცხრა ქულა აქვს და ჩემპიონისთვის უჩვეული პოზიცია, მეექვსე ადგილი უკავია.