საბოლოოდ პასუხი გამგზავრებამდე გვეცოდინება - ჩაკვეტაძის გიბრალტარში თამაშის საკითხი დღეს გაირკვევა #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძე ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრამდე ცუდად გახდა და ერთა ლიგის გადამწყვეტი დაპირისპირება ამიტომ გამოტოვა, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა.
„გიორგი ჩაკვეტაძეს მაღალი ტემპერატურა და მუცლის ტკივილი აწუხებდა. სწორედ ამის გამო ვერ ითამაშა“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.
ჯგუფის ბოლო შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები 26 სექტემბერს, სტუმრად, გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს. გუნდი დღეს მიემგზავრება, მაგრამ ჯერ კიდევ უცნობია, მოემზადება თუ არა ახალგაზრდა შემტევი ამ შეხვედრისთვის.
„გიბრალტარში დილით მივფრინავთ და თუ ისევ შეუძლოდ იქნება, ჩვენთან ერთად ვერ წამოვა. ვიმედოვნებ, რომ თავს უკეთ იგრძნობს, რადგან ბევრი ფეხბურთელის მსგავსად, მანაც დაიმსახურა სათამაშო დრო. საბოლოოდ პასუხი, გამგზავრებამდე გვეცოდინება“, – საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.