ზაზა ჩაჩავა ქუთაისის „ტორპედოს“ ტოვებს, ამის შესახებ განცხადება, შესაძლოა, ხვალ გააკეთოს – საქართველოს პირველმა არხმა ინფორმაცია დააზუსტა და დაგვიდასტურეს, რომ გუნდის მეპატრონე საბოლოოდ ამ გადაწყვეტილებამდე მივიდა.
ქუთაისური გუნდის მეპატრონის წასვლის შესახებ ინფორმაცია ერთი კვირის წინ გავრცელდა, მაგრამ მაშინ არ დადასტურდა. შეგახსენებთ, რომ ზაზა ჩაჩავამ ევროთასებზე „ტორპედოს“ თამაშებამდეც, გუნდის ბიუჯეტის შემცირება გადაწყვიტა, რასაც ლიდერთა წასვლა მოჰყვა. ქუთაისის მერიასთან „ტორპედოს“ გულშემატკივრებმა აქცია მოაწყვეს და ჩაჩავას გადადგომა და გუნდის ბირთვის შენარჩუნება მოითხოვეს. ფეხბურთელები ოთხი თვის განმავლობაში ხელფასს ვერ იღებდნენ, მაგრამ ჩაჩავას თქმით, „ტორპედოში“ ჩინელი სპონსორი ბრუნდებოდა, რაც გუნდის გადარჩენის წინაპირობა გახდებოდა.
საბოლოოდ, ეს იმედები არ გამართლდა და გუნდში კიდევ უფრო მძიმე პროცესები განვითარდა – შემცირებული ბიუჯეტის მიუხედავად, გუნდის ფინანსური პრობლემები დღემდე არ მოგვარდა, ქუთაისური გუნდი ყველა წამყვანმა მოთამაშემ დატოვა, დავალაინება კი ვერ გაისტუმრეს და მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა ახალი შემადგენლობა შეკრიბა.
ზაზა ჩაჩავამ ქუთაისის „ტორპედო“ ქუთაისის მერიისგან, 2017 წელს, საჯარო აუქციონზე, 300 ათას ლარად შეიძინა.