საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულო სწავლობს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეების შესაძლო დაკავების საქმესთან დაკავშირებით ინფორმირებულია. როგორც საქართველოს პირველ არხს უწყებაში განუცხადეს, თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულო კომუნიკაციაშია ადგილობრივ სამართალდამცველებთან.
„23 სექტემბერს თესალონიკის პოლიციის უშიშროების დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებამ დააკავა ორგანიზებულ დანაშაულში ეჭვმიტანილი ჯგუფის წევრები, რომლის შემადგენლობაში იყვნენ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეები. არსებული ინფორმაციით, ჯგუფის წევრებს შორის არის საქართველოს სამი მოქალაქე, თუმცა პოლიციის ინფორმაციით, მათ ასევე აქვთ საბერძნეთის მოქალაქეობაც.
იმის გათვალისწინებით, რომ გამოძიება საწყის სტადიაშია და დგინდება მთელი რიგი გარემოებები, ბერძნული მხარე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე უფრო დეტალურ ინფორმაციას ამ ეტაპზე, არ გასცემს.
შესაბამისად, დაზუსტებული ინფორმაცია, მათ შორის, დაკავებულთა მოქალაქეობრივი კუთვნილების საკითხი უახლოეს პერიოდში დადგინდება.
თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულო კომუნიკაციაშია ადგილობრივ სამართალდამცველებთან. დაკავებულებს ამ დრომდე არ მოუთხოვიათ გენერალურ საკონსულოსთან დაკავშირება“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ბერძნული მედიის ცნობით, საბერძნეთის პოლიციამ უმსხვილესი დანაშაულებრივი დაჯგუფება გამოავლინა, რომელიც ბავშვებით ვაჭრობდა. მედიის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის სამი საქართველოს მოქალაქეა.