საბერძნეთის ნაკრების ვეტერანი - საქართველომ წინსვლის იმედი მოგვპარა, კვარაცხელია კი ძალიან კარგი ფეხბურთელია #1TVSPORT
საბერძნეთის ნაკრების ვეტერანი - საქართველომ წინსვლის იმედი მოგვპარა, კვარაცხელია კი ძალიან კარგი ფეხბურთელია #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატებზე საბერძნეთის ნაკრების პირველი გოლის ავტორმა, დიმიტრის სალპიგიგიდისმა Metropolis 95.5 –ისთან ინტერვიუში, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საბერძნეთის ნაკრების სტარტი შეაფასა და თავისიანების გვერდით, საქართველოს ნაკრებისა და ხვიჩა კვარაცხელიას კარგი თამაში აღნიშნა. 

„ვერ ავხსნი, ჩვენს ნაკრებს რა სჭირს. ფაქტია, რომ ქულა ავიღეთ ესპანეთთან გასვლაზე, რაც მეეჭვება, ჯგუფში სხვა რომელიმე ნაკრებმა მოახერხოს. ამავე დროს, საქართველოს წინააღმდეგ ძალიან ცუდად გამოვიყურებოდით, რაშიც მეტოქემ დიდი როლი ითამაშა. საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. 31 მარტს არაფერი გამოგვდიოდა, მეტოქემ კი თავი ძალიან კარგად გამოავლინა“, – ამბობს დიმიტრის სალპიგიგიდისი.

მისი თქმით, საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ეროვნულ გუნდს თავდაჯერებულობა წაართვა და ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია: „ჯონ ვან სხიპს (საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი) სიახლეების დანერგვა სურდა, მაგრამ, რასაც ჩვენი ნაკრებისგან ველოდით, ის მეტოქეში დავინახეთ. საქართველომ მოგვპარა იმედი, რომ ჩვენი ნაკრები განვითარდება. მათ ჰყავთ კვარაცხელია, რომელიც ძალიან კარგი ფეხბურთელია და დაგვიტოვა შეტყობინებები, რომ მას მეორე შეხვედრაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ“.

ფლანგის თავდამსხმელი დიმიტრის სალპიგიგიდისი საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებში 2005-2014 წლებში თამაშობდა და 82 მატჩი 13 გოლი გაიტანა. ის პირველი ბერძენი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე გაიტანა.