საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი - საქართველო კარგი გუნდია, ესპანეთთან და შვედეთთან მეტ ქულას იმსახურებდა #1TVSPORT
საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან სხიპმა 31 მარტს საქართველოსთან გასამართ მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე მეტოქის ძლიერი მხარეები გამოარჩია, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციონ.
„საბერძნეთის ნაკრები ახლა აღმავლობის გზაზეა. მცირე პრობლემები გვქონდა, მაგრამ ახლა ყველა მოთამაშე ჯანმრთელად არის და სრულ მზადყოფნაშია, რაც კარგი ამბავია. ყურადღება სათამაშო გეგმის შესრულებაზე უნდა გავამახვილოთ. საქართველო ძალიან კარგი გუნდია, მათ ესპანეთთან და შვედეთთან ძალიან კარგი თამაშები ჩაატარეს და, ალბათ, უფრო მეტ ქულასაც იმსახურებდნენ. მარტივი მატჩები არ არის, მაგრამ ეს ძალიან რთული შეხვედრა იქნება. ამიტომ სრულად კონცენტრირებული უნდა ვიყოთ. ჩვენ გვინდა მოგება და თუ ჩვენს გეგმას მივყვებით, ჩანაფიქრის განხორციელების მეტი შანსი გვექნება“, – განაცხადა ჯონ ვან სხიპმა.
მან საქართველოს ნაკრებში მომხდარ სიახლეებზეც ილაპარაკა: „მათ მწვრთნელი შეცვალეს და ახლა სანიოლი მიიწვიეს – ფრანგი მწვრთნელი, რომელსაც მიუნხენის „ბაიერნში“ უთამაშია და თავისი იდეების განხორციელებას ცდილობს. ისინი გუნდურად თამაშობენ, ძალიან სწრაფი პასებით გადაადგილდებიან და როდესაც ბურთი აქვთ, წინ სწრაფი მოთამაშეები ჰყავთ. ასე რომ, როდესაც ბურთს დავკარგავთ, ჩვენ საჭირო ადგილებში უნდა ვიყოთ, მეტოქეს სივრცე რომ შევუზღუდოთ. ეს არის გუნდი, რომელიც ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს და ჩვენ ძალიან კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ“.
საბერძნეთი-საქართველოს მატჩი 31 მარტს სალონიკის „ტუმბა არენაზე” თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. კოვიდ 19-ის რეგულაციების გამო საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.