საბერძნეთის ნაკრების მცველი - თბილისური მატჩი იყო სიზმარი, რომელსაც ძალიან დიდი ხანია ველოდით #1TVSPORT
საბერძნეთის ნაკრებისა და „კალიარის“ ცენტრალურმა მცველმა, პანტელის ჰაციდიაკოსმა ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოს ნაკრებთან დამარცხებაზე (2:4 პენალტების სერიაში) ისაუბრა და არ დამალა, რომ მისთვის ეს მოულოდნელი და მტკივნეული მარცხი იყო.
„ჩვენ საქართველომ არ გაგვიშვა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც 12 წელია ვერ გავდიოდით. სულ კი მე-10 წელია, მთავარ სანაკრებო ტურნირებზე ვერ ვხვდებით. ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა, სამწუხაროდ, ამჯერადაც საბერძენისთვის აუხდენელ ოცნებად დარჩა, მაგრამ მაინც წინ უნდა წავიდეთ და არ დაგვავიწყდეს, რომ ეროვნულ ნაკრებს გულშემატკივრების წინაშე ვალდებულებები გააჩნია.
თბილისური მატჩი იყო სიზმარი, რომელსაც ძალიან დიდი ხანია ველოდით და რომელზეც უთვალავჯერ გვისაუბრია. მიზანთან ძალიან ახლოს მივედით, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მივაღწიეთ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვერასდროს მივაღწევთ წარმატებას. ჩვენ ბრძოლას ერთად გავაგრძელებთ, უნდა გავაერთიანოთ ყველა გულშემატკივარი და მოთამაშე, რადგან გვიყვარს ეროვნული გუნდი“, – აცხადებს 27 წლის ბერძენი ცენტრალური მცველი.
ჰაციდიაკოსი ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში ყაზახეთთან და ფინალში საქართველოს ნაკრებთან ორივე მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო, სულ კი „ლურჯ-თეთრთა“ შემადგენლობაში 33 მატჩი ჩაატარა.