საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნაკრებიდან მწვრთნელის წასვლას უარყოფს - ევროპის ჩემპიონატზე გასვლა თუ გვსურს, მეტოქეებს სტუმრადაც უნდა მოვუგოთ #1TVSPORT
საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ტაკის ბალტაკოსმა ERA SPORT-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა ეროვნული გუნდის მწვრთნელის, გუსტავო პოიეტის ნაკრებიდან შესაძლო წასვლის შესახებ და განაცხადა, რომ ამას არ დაუშვებს.
„მსურს, გამოვხატო ჩემი პოზიცია გუსტავო პოიეტთან დაკავშირებული ჭორების შესახებ. მინდა, ყველას გარკვევით ვუთხრა, რომ მარტის პლეი ოფის მატჩებამდე მწვრთნელის ნაკრებიდან წასვლის საკითხი არც განიხილება.
ამავე დროს, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ დასაცინები ვიქნებით, საბერძნეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდეს და პოიეტი ჩვენი მწვრთნელი აღარ იყოს. ამასთან დაკავშირებით ურუგვაელმა სპეციალისტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დეკემბრის ბოლომდე მუდმივად საბერძნეთში იცხოვრებს.
რაც შეეხება ევრო 2024-ის პლეი ოფის წილისყრას – ჩვენი და ყაზახეთის წყვილში გამარჯვებული საქართველო-ლუქსემბურგს შორის უძლიერესს სტუმრად ეთამაშება. ასეთი მატჩის შინ ჩატარება სჯობს, მაგრამ თუ ეროვნულ ნაკრებს სერიოზული წარმატების მიღწევა სურს, მეტოქეებს სტუმრადაც უნდა მოუგოს. მჯერა, რომ საბერძნეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს“, – განაცხადა საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.