საბერძნეთის ჩემპიონატი 6 ივნისს განახლდება
საბერძნეთის ჩემპიონატი 6 ივნისს განახლდება

საბერძნეთის სუპერ ლიგის დირექტორთა საბჭომ ვიდეო კონფერენცია გამართა, სადაც გადაწყდა 2019/20 წლების სეზონის ბედი, რომელიც კოროვირუსის გამო შეფერხდა.

ლიგის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ყველა კლუბმა მხარი დაუჭირა საბერძნეთის ჩემპიონატის განახლებას და კონკრეტული თარიღიც დათქვეს – 6-7 ივნისი. სუპერლიგის ეს გადაწყვეტილება განსახილველად ქვეყნის შესაბამის სამედიცინო ორგანოებს გადაეგზავნება.

მოსალოდნელია, რომ საბერძნეთში სეზონის განახლებამდე გუნდებს დაურიგდებათ სამედიცინო პროტოკოლი, რათა შეასრულონ უსაფრთხოების ყველა ზომა. სავარაუდოდ, სეზონი 19 ივლისს დასრულდება.

საბერძნეთის ჩემპიონატი მარტის დასაწყისში შეწყდა, მაგრამ კლუბებმა სეზონის პირველი ნაწილის სრულად დასრულება მოახერხეს. ახლა საუკეთესო 6 გუნდი ჩემპიონის ტიტულს გაითამაშებს, ხოლო 7-14 ადგილებზე მყოფი გუნდები ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ.

18 მაისის ჩათვლით, საბერძნეთში COVID-19 ინფექციის 2836 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 165 ადამიანი.