საბავშვო ევროვიზია 2018-ის ფინალური შოუ დღეს გაიმართება - პირდაპირი ტრანსლაცია პირველ არხზე 19:00 საათზე დაიწყება

პირველი არხის მაყურებელი დღეს, 19:00 საათზე, საბავშვო ევროვიზია 2018-ის მასშტაბურ შოუს პირდაპირ ეთერში იხილავს. ბელარუსში, მინსკის არენაზე, საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-16 კონკურსზე საქართველოს სახელით მე-13 ნომრად თამარ ედილაშვილი წარდგება. კონკურსის მსვლელობისთვის თვალყურის დევნება ასევე შესაძლებელი იქნება ონლაინ სივრცეში, პირველი არხის ვებგვერდზე.

ქართველი კონკურსანტი შეასრულებს სიმღერას „შენი ხმა“, რომლის ავტორია სოფო ტოროშელიძე, ტექსტი კი ალექსანდრე ლორთქიფანიძეს ეკუთვნის.

გუშინ მინსკში კონკურსის გენერალური რეპეტიცია გაიმართა, სცენაზე კონკურსის მონაწილე 20 ქვეყნის წარმომადგენელი ბავშვები გამოვიდნენ. ისინი საერთაშორისო ჟიურიმ შეაფასა. ჟიურის ქულები ჯერჯერობით ანონიმურია, დღის ბოლოს მაყურებლის ლაიქებთან დაჯამდება და გამარჯვებული ამ გზით გამოვლინდება. თითოეული კონკურსანტის ქულების 50 პროცენტს მაყურებლის ხმები, ხოლო მეორე 50 პროცენტს ჟიურის შეფასება განსაზღვრავს.

2018 წლის საბავშვო ევროვიზიაზე ონლაინ ხმის მიცემა კვლავაც გრძელდება. ხმის მიცემის პროცედურა დღეს, ფინალური შოუს დაწყების წინ შეწყდება და სცენაზე ყველა კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ, 15 წუთით განახლდება.

კონკურსის გამარჯვებულის გამოსავლენად ონლაინ ხმის მიცემა შესაძლებელია vote.junioreurovision.tv-ის მეშვეობით, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ყველა მონაწილის ვიდეორგოლი; ხმა მისცეთ სამ, ოთხ, ან ხუთ ფავორიტ მუსიკალურ ნომერს. შეგიძლიათ, მხარი დაუჭიროთ თქვენს ქვეყანას თქვენივე ქვეყნიდან.

პირველი არხის საბავშვო მუსიკალური პროექტის „რანინას“ გამარჯვებულმა თამარ ედილაშვილმა მაყურებელს მიმართა და საბავშვო ევროვიზიაზე მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.