საბამ ლობჟანიძემ „რანდერსი“ მერვედფინალში გაიყვანა - გოლი და საგოლე ზედიზედ მეორედ
საბამ ლობჟანიძემ „რანდერსი“ მერვედფინალში გაიყვანა - გოლი და საგოლე ზედიზედ მეორედ

დანიის თასის 1/16 ფინალი საბა ლობჟანიძემ დანიაში თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გუნდი „რანდერსი“ გასვლაზე დანიის რანგით მეორე ლიგის აუტსაიდერ „როსკილდეს“ შეხვდა და დაამარცხა.

კლასში უპირატესობის მიუხედავად, გამარჯვება მაინც გაუჭირდა და ეს ბოლო წუთებზე შეძლო, რაშიც ლობჟანიძემ გადამწყვეტი როლი ითაშა.

ანგარიში მე-14 წუთზე ქართველმა თავდამსხმელმა გახსნა და „რანდერსი“ 0:1 დააწინაურა. პირველი ტაიმის ბოლოსკენ, „როსკილდემ“ წონასწორობა აღადგინა. მაგრამ სტუმრებმა მაინც გაიმარჯვეს – გადამწყვეტი გოლი „რანდერსმა“ 91-ე წუთზე გაიტანა, როდესაც ფლანგური გარღვევის შემდეგ ლობჟანიძემ ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, ემილ რიისმა კი მასპინძელთა კარი მეორედ აიღო და „რანდერსმა“ 1:2 მოიგო.

მანამდე საბა ლობჟანიძე დანიის სუპერლიგის მე-10 ტურის სიმბოლურ ნაკრებში საერთაშორისო სტატისტიკურმა ინტერნეტ-გვერდმა „სოფასკორმა“ დაასახელა. „რანდერსმა“ შინ „ჰორსენსი“ 2:1 დაამარცხა – ამ მატჩშიც ქართველის ანგარიშზე საგოლე გადაცემა და გოლი ჩაიწერა.