საბა საზონოვის შეძენით „მარსელი“ და „ჰამბურგი“ არიან დაინტერესებულნი #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის „დინამოს“ ცენტრალური მცველი საბა საზონოვი, შესაძლოა, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის გუნდის, „ჰამბურგის“ ფეხბურთელი გახდეს, – ამის შესახებ ინფორმაცია გერმანულ მედიაში ვრცელდება.
წყაროს ცნობით, „ჰამბურგის“ წარმომადგენლებმა 21 წლის ქართველი ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს. ამავე დროს, ჩვენი ეროვნული გუნდის მცველის შეძენით საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და პოპულარული კლუბი „მარსელი” დაინტერესდა. მოსკოვის „დინამომდე“ საბას „ესპანიოლი“ იწვევდა, მაგრამ რუსულმა კლუბმა მეტი გადაიხადა.
საბა საზონოვის დედა ქართველია და მოთამაშემ ქართული პასპორტი 2022 წელს მიიღო. ამის შემდეგ მან ჯერ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ითამაშა, შემდეგ კი ორი მატჩი ეროვნულ გუნდშიც ჩაატარა. ამჟამად საზონოვი საქართველოს 21-წლამდელებთან ერთად ევრო 2023-ისთვის ემზადება.
21 წლის ცენტრალური მცველის საბაზრო ღირებულება 2,5 მილიონი ევროა, „დინამოსთან“ მას კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. „ჰამბურგი“ ბუნდესლიგაში გადასვლის რეალური კანდიდატი იყო, მაგრამ მიზანს კვლავ ვერ მიაღწია და მომავალ სეზონს ისევ გერმანიის რანგით მეორე ლიგაში გაატარებს.