საბა საზონოვის დებიუტი ისევ გადაიდო - „ტორინომ“ „სალერნიტანა“ დაამარცხა #1TVSPORT
საბა საზონოვის დებიუტი ისევ გადაიდო - „ტორინომ“ „სალერნიტანა“ დაამარცხა #1TVSPORT

იტალიის სერია A-ში საბა საზონოვის „ტორინომ“ მორიგი ტურის შეხვედრა „სალერნიტანასთან“ სტუმრად გამართა და დამაჯერებლად გაიმარჯვა – 3:0. იტალიურ კლუბში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადასული საქართველოს ნაკრების მცველი კვლავ სათადარგოთა შორის იყო.

„ტორინომ“ ანგარიში მე-15 წუთზე, კუთხურის გათამაშების შემდეგ გახსნა – გოლი 24 წლის მცველმა, ალესანდრო ბონჯორნომ შეაგდო. 41-ე წუთზე, საჯარიმოს ხაზიდან ძლიერი დარტყმით, მასპინძლებს მეორედ ნემანია რადონიჩმა გაუტანა და „ტორინო“ შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავიდა.

სერბი შემტევი გახდა შეხვედრის გმირი. მან 50-ე წუთზე რაულ ბელანოვას შესანიშნავი პასით ისარგებლა, დუბლი შეასრულა და ანგარიში 3:0 გახადა. 59-ე წუთზე რადონიჩმა „ტორინოს“ სწრაფი კონტრშეტევა კიდევ ერთი ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა, მაგრამ გოლი არ ჩაითვალა, რადგან ვიდეომსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა.

ასეთი უპირატესობის მიუხედავად, „ტორინის“ მწვრთნელმა, ივან იურიჩმა საზონოვი მოედანზე მაინც არ შეიყვანა და საქართველოს ნაკრების მცველის დებიუტი სერია A-ში ისევ გადაიდო.  „ტორინო“ კი ოთხი ტურის შემდეგ შვიდი ქულით მეშვიდე ადგილზე დაწინაურდა.