საბა საზონოვი - ხვიჩას ძალიან გაუკვირდა, ქართულად რომ ვსაუბრობდი #1TVSPORT
საბა საზონოვის თქმით, მას საქართველოს მოქალაქეობა არ მიუღია, რადგან ქართული პასპორტი ისედაც ჰქონდა, – ამის შესახებ ფეხბურთელმა Sport 24-თან ინტერვიუში ისაუბრა. ამავე დროს, საქართველოს ნაკრების მცველმა ხვიჩა კვარაცხელიასთან გაცნობა გაიხსენა.
„ბავშვობიდან ორმაგი მოქალაქეობა მაქვს, საქართველოს ნაკრებზე არჩევანი კი ოჯახთან ერთად გავაკეთე. ორივე ნაკრებიდან დამიკავშირდნენ, მაგრამ ასე გადავწყვიტეთ. ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ მოქალაქეობა არ შემიცვლია. მთელი ცხოვრება ორმაგი მოქალაქეობა მაქვს და ამის გამოც მქონდა არჩევანის უფლება. როცა ამბობენ, რომ ორი სამშობლო არ არსებობს, ეს ასე არ არის, მე ვარ ამის ცოცხალი მაგალითი.
კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებში რომ შევხვდი, ფეხბურთზე ვისაუბრეთ და გავიხსენეთ ის დრო, როდესაც ჯერ კიდევ „ზენიტში“ ვიყავი, ის კი – „რუბინში“. ხვიჩას გაუკვირდა, ქართული რომ ვიცოდი, მკითხა, შენ საზონოვი არ ხარ? მე ვუპასუხე: კი, მაგრამ საბა მქვია. ნაკრებში შეხვედრისას ხვიჩას მაშინვე გაახსენდა ჩვენი პირველი შეხვედრა“, – ამბობს საბა საზონოვი.